ტექნოლოგიური გიგანტები

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google-ი რეკორდული $600 მილიონით დააჯარიმა

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Google-ი, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რეკორდული 600 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

CNBC-ის ცნობით, კომპანიამ 2020 წლის აპრილის შეთანხმება დაარღვია, რომლის მიხედვით, Google-ს ფრანგულ მედიაგამოცემებთან კეთილსინდისიერი შეთანხმება უნდა მიეღწია მათი მასალის გამოყენებისა და ანაზღაურების პირობების შესახებ. 

საფრანგეთის მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა და საძიებო სისტემებმა მასალების გამოყენების გამო გამოცემებს გარკვეული ანაზღაურება უნდა გადაუხადონ. 

ანაზღაურებისა და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების პირობები Google-სა და გამოცემებს შორის ინდივიდუალურად უნდა შემდგარიყო, თუმცა, ანტიმონოპოლიური სამსახურის განმარტებით, Google-ი არ მიდიოდა დათმობებზე და მიზანმიმართულად არღვევდა შეთანხმების პირობებს. 

$600-მილიონიანი [500 მლნ ევრო] ჯარიმა საფრანგეთის ისტორიაში რეკორდულია. 

მარეგულირებლის გადაწყვეტილებას Google-ის წარმომადგენლობა აპროტესტებს. 

"ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვმოქმედებდით, ჯარიმა უგულებელყოფს ჩვენს მცდელობებს და საძიებო პლატფორმის მუშაობის რეალობას". – წერია Google-ის პრესრელიზში.  

კომენტარები