კუბა

კუბაში მასშტაბური პროტესტი გაიმართა, დემონსტრანტები დიქტატურის დასრულებას ითხოვენ

YAMIL LAGE / AFP

კუბაში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. მოსახლეობა საკვების და მედიკამენტების ნაკლებობას და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებს, რომელიც პანდემიამ და აშშ-ს სანქციებმა გაამწვავა.

დემონსტრანტები ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებას, მთავრობის გადადგომას და კორონავირუსის ვაქცინებთან წვდომას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, დედაქალაქ ჰავანაში, სანტიაგოში, სანტა კლარაში, მატანზასში, ჰოლგუნში. დემონსტრაციები ჩატარდა პატარა ქალაქებშიც, პალმა სორიანოში, კოლონში, არტემისასა და სხვა ქალაქებში. Inventario-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები 25 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა. Inventario კუბასთან დაკავშირებული მონაცემების მოძიებასა და გავრცელებაში სპეციალიზდება.

აქციებზე ისმოდა შეძახილები: "თავისუფლება", "ძირს კომუნიზმი", "ძირს დიქტატურა", "ძირს დიას-კანელი"

დედაქალაქ ჰავანას მეზობელ ქალაქში, სან ანტონიო დე ლოს ბანოსში პროტესტის მონაწილეები ქუჩაში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო გამოვიდნენ. მათთან შესახვედრად ქალაქში კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანალი ჩავიდა. პროტესტში მან "კუბურ-ამერიკული მაფია" დაადანაშაულა.

მოგვიანებით დიას-კანელმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა, რომელშიც პროტესტის მონაწილეები ქვეყანაში უცხოური ძალების შეჭრისთვის ნიადაგის მომზადებაში დაადანაშაულა და "რევოლუციონერებსა და კომუნისტებს" ქუჩაში გამოსვლისკენ და მათთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციები კუბაში ბოლოს 1994 წელს ჩატარდა. თუმცა მაშინ აქციები მხოლოდ ჰავანაში გაიმართა და ისინი სწრაფად ჩაახშეს. დემონსტრაციების შემდეგ, კუბამ საჯაროდ თქვა უარი საზღვაო საზღვრების კონტროლზე. მომდევნო წლებში ასიათასობით ადამიანმა ნავებით დატოვა კუბა, მათი უმეტესობა აშშ-ში გაემგზავრა.

პანდემიის და სანქციების გამო კუბაში ეკონომიკური კრიზისი გამწვავდა. ასევე ივლისის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები. 11 ივლისს ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 7 000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა.

კომენტარები