TV პირველი

ბაღათურია ოპერატორზე: რთულია, სხვა ვერსიაზე წახვიდე, სასტიკი ცემიდან 5 დღეში გარდაიცვალა

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

"ხუთიდან ექვს წუთამდე ოცამდე ადამიანი სასტიკად ურტყამდა" – იხსენებს TV პირველის ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობას. ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისში მოძალადე პუნიტინისტებმა სცემეს, გარდაცვლილი იპოვეს.

"ხუთიდან ექვს წუთამდე ოცამდე ადამიანი სასტიკად ურტყამდა, განსაკუთრებით სახის არეში. ჰქონდა ჰემატომები, ჰქონდა თვალის ბუდე ჩამსხვრეული. რთულია, რომ სხვა ვერსიაზე წახვიდე, მართლა რთულია. ნებისმიერი ადამიანს ეს მოუვა პირველი თავში, რომ სწორედ სასტიკი ცემიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა. ამის მეტი უკვე აღარ შემიძლია, რამე ვთქვა. დაველოდოთ ექსპერტიზას." – ამბობს ბაღათურია.

ლექსო ლაშქარავას კოლეგების ინფორმაციით, ის დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება.

მირანდა ბაღათურიას თქმით, ჩატარდება ასევე დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მირანდა ბაღათურია 5 ივლისს ლაშქარავასთან ერთად პუტინისტების ძალადობის მსხვერპლი გახდა. 6 ივლისს მან მომხდარი გაიხსენა: 

"ლექსო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ დამიცვა მე. სირცხვილიას ოფისში როცა პირველად შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე. შემდეგ უკნიდან თმაზე მომქაჩა სასულიერო პირმა და მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა, ლექსომ უთხრა ასეთი ფრაზა: რას აკეთებ, ჟურნალისტია. ამ დროს ის გადაათრია ასე 20-მა კაცმა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვიყავით ჩაკეტილები და ვიყავით მარტო მე და ჩემი ოპერატორი. მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით ძალიან დაუცველები, რაც მთავარია, დაუცველი იყო საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელზეც ვზრუნავდით მე და ჩემი ოპერატორი. ის ერთადერთი იყო ამდენ კაცთან.... ჩემს ოპერატორს სისხლის გუბეში 5 წუთის განმავლობაში 20-მდე ადამიანი ისე უმოწყალოდ ურტყამდა. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე გაკავებული. ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ერთადერთი ნათელი სხივი იყო, რომ მესმოდა მისი ხმა და როცა ლექსოს ხმა ვერ გავიგე, ვიფიქრე, მოკლეს-მეთქი და ვეხვეწებოდი, არ მოკლა-მეთქი. მე ტელეფონი გადამიდგეს. 20-მდე ადამიანმა კი ლექსო ჩაითრია და არ ჩანდა". – თქვა მირანდა ბაღათურიამ. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები