პრაიდის კვირეული

მინდიაშვილი: დუგინის კონსერვატიზმი რუსულ იმპერიალიზმს ემსახურება და არა ადამიანს

1TV.GE

ავტორი და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, ალექსანდრ დუგინის იდეოლოგიასა და მის მიერ საქართველოში პუტინისტი მოძალადეების მხარდაჭერაზე ვრცელ მოსაზრებას აქვეყნებს:

"ყველანი ვხედავთ, რომ მიმდინარეობს დუგინიზმის აქტიური პროპაგანდა. გვიცხადებენ, რომ დუგინიზმი არის კონსერვატიზმი.

მაგრამ დუგინიზმს მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება ჰქონდეს საერთო კონსერვატიზმთან. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ დუგინიზმის არსი არა იდეოლოგიაში, არამედ გეოპოლიტიკაშია.

ესაა იმპერიალისტური გეოპოლიტიკური სქემა, რომელშიც მოსკოვი არის ახალი მსოფლიო, ორ ან მრავალპოლუსიანი წესრიგის, ევრაზიული სივრცის ცენტრი. ევრაზიული სივრცე ევროატლანტიკურ სამყაროს უპირისპირდება.

მისი გეოპოლიტიკური კონსტრუქცია ეფუძნება სივრცის დროზე ბატონობის, თავისი არსით, ღრმად წარმართულ და ანტიქრისტიანულ, ანტიბიბლიურ ორიენტაციას. ბუნებრივია, დრო განვითარებაა, ისტორიაა, მუდმივი ცვალებადობა და ინდივიდუალობაა, ხოლო სივრცე არის იგივეობა, ციკლურობა, ერთი და იგივე ადგილის უძრავი კერპი, კოლექტივიზმის ზეიმი.

იმისთვის, რომ რუსეთი რაც შეიძლება დაცული იყოს, იგი აუცილებლად უნდა იყოს იმპერიული. რუსეთს გარშემო, განსხვავებით, ვთქვათ, ბრიტანეთის იმპერიული მოდელისგან, მეტი და მეტი სივრცე უნდა ჰქონდეს მოხვეჭილი, რათა თავისი სიდიდის, თავისი სივრცის მეშვეობით უმკლავდებოდეს დასავლეთს: დროის მუდმივ დენას და ინდივიდუალიზმს.

რუსეთს დასავლეთთან დროში შეჯიბრი, დიდი ხანია, უიმედოდ წაგებული აქვს, მაგრამ მას აქვს სივრცეში გაშლის პერსპექტივა. ამიტომ ყველაფერი, რაც დროში განვითარებასთანაა დაკავშირებული დუგინიზმისთვის ემტერება რუსულ ევრაზიონიზმს, სივრცეში გაშლილი დიდი, უძრავი ურჩხულის წარმოსახვას.

ამის გამო მიიჩნევს დუგინი ლიბერალიზმს მთავარ ბოროტებად. იგი თვლის, რომ ლიბერალიზმი, ანუ ისეთი პოლიტიკური წესრიგი, სადაც ადამიანი ინდივიდუუმია და თავისუფალია თავის არჩევანში, მუდმივად ქმნის დროს და ცვლის სივრცეს. ხოლო სივრცული ორიენტაცია, პირიქით, - აჩერებს დროის დინებას. ესაა მისი ფსევდოკონსერვატიზმის საფუძველი და არა თავისთავად ისტორიული გამოცდილება, ოჯახი, ეკლესია თუ ტრადიციული ღირებულებები.

დუგინისთვის ოჯახი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის განვითარების შეჩერების სიმულაციაა. მას აინტერესებს ოჯახი, როგორც ცარიელი ფორმა და არა თავად ადამიანი ამ ოჯახში, აინტერესებს ეკლესია, როგორც კოლექტივიზმის ფორმა და არა ადამიანი ეკლესიაში, აინტერესებს მართლმადიდებლობა, როგორც მორჩილების სისტემა და არა ღმერთი მართლმადიდებლობაში, აინტერესებს ტრადიცია, როგორც ჩაკეტვის, გაყინვის, კვდომის შესაძლებლობა და არა, როგორც, მაგალითად, ის ესმის თომას ელიოტს ან ვაჟა-ფშაველას: მუდმივი სიახლის წყარო, გამოცდილი სიცოცხლის საფუძველი ან განსხვავებულის დაცვის მრავალსაუკუნიანი სისტემა.

დუგინის კონსერვატიზმი მოჩვენებითია, მეორადია, რადგან, სინამდვილეში, ის ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს და არა ადამიანის პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში ორიენტაციის შესაძლებლობას. დუგინის ფსევდოკონსერვატიზმი კოლექტივების, იდენტობების, განსხვავებული სივრცეების, ფუყე რელიგიების, როგორც უპიროვნო, უშინაარსო, უმეტყველო გახედნილი ცხვრის ფარის შესახებ სასტიკი მოძღვრებაა.

საერთოდ არ იყო შემთხვევითი, რომ ვასაძე ჩოხით, ქამრებითა და კომბლებით გამოვიდა ასპარეზზე. მას თავისუფალი ნაციონალური სახელმწიფოს, თავისუფალი ქართველებისა და თანამედროვე საქართველოს ცემა, გახედნა, მისი სულის ჩაკვლა უნდა, მას უნდა, რომ საქართველოს ჩოხიანი ფიტული რუსულ იმპერიულ სამუზეუმო სივრცეში ექსპონატის სახით იყოს გამოფენილი. ესაა საქართველოსთან მიმართებით დუგინიზმის ერთადერთი მიზანი".

კომენტარები