პრაიდის კვირეული

მელია 6 ივლისის აქციაზე: ჩემი იქ ჩასვლა გაზრდიდა ძალადობის შანსებს, დაიღვრებოდა სისხლი

პირდაპირ რომ გითხრათ, მე სად ვიყავი პირველ დღეს [5 ივლისს], სამწუხაროდ, მე საერთოდ თბილისში არ ვიყავი, როდესაც დილის 10 საათზე დაიწყო დარბევა და რომც ვყოფილიყავით, პრინციპში, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც დილის 10 საათზე კარვების დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?! მეორე დღეს [6 ივლისს], მე ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იქ არ ვყოფილიყავი. რატომ? მე მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში - როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, - რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუკი ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, აბსოლუტური უმრავლესობა, არიან და იყვნენ მართულები და მეორე მხარეს [იდგა] პოლიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე თავიდან ბოლომდე მართულია და რასაც უბრძანებენ, იმას ახორციელებენ, ის კორდონი გაიხსნებოდა მაშინვე, როდესაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. და გაუჭირდებოდათ დაბრალება ჩემზე? დილიდან იყო კამპანია დაწყებული იმისა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იდგა ამ ყველაფრის უკან, მათ შორის, აფრიალებდნენ ორ ფოტოსურათს, სადაც მე ვიყავი აღბეჭდილი ორ ახალგაზრდასთან, რომლებიც იყვნენ მოძალადეების მხარეს. ანუ, იმასაც კი არ ერიდებოდა ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აი, ნიკა მელიას ახლობლები და წარმომადგენლები არიან მეორე მხარესაც, ანუ ორივე მხარეს გვყავდა ჩვენ-ჩვენი პროვოკატორები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 5 და 6 ივლისის მოვლენების შესახებ კომენტარი ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიასთან საუბრისას გააკეთა.

5 ივლისს, PRIDE-ის მარშის ჩატარებამდე, ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები, რაც მარშის გაუქმების მიზეზიც გახდა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.

6 ივლისს კი პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილი ადამიანები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს მდუმარედ აპროტესტებდნენ. 6 ივლისსაც მდუმარე აქციას კონტრაქციით უპასუხეს მოძალადეებმა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში არბევდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისროდნენ მეტალისა საგნებს, შუშის ნატეხებს და პოლიციის კორდონის გარღვევით გადადიოდნენ ფიზიკურ შეტევაზე.

კომენტარები