გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მთავარმა ადმინისტრაციულმა ოფიცერმა ორშაბათს კონგრესის თანამშრომლებს აცნობა, რომ სამთავრობო ელექტრონულ მოწყობილობებზე WhatsApp-ის გამოყენება იკრძალება.
"კიბერუსაფრთხოების ოფისმა აპლიკაცია WhatsApp მომხმარებლებისთვის მაღალი რისკის შემცველად მიიჩნია, მონაცემების დაცვის გამჭვირვალობის ნაკლებობის, შენახული მონაცემების დაშიფვრის არარსებობის და მის გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური უსაფრთხოების რისკების გამო.
წარმომადგენელთა სახლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება გადმოიწერონ ან შეინახონ WhatsApp სამთავრობო მოწყობილობებზე, მათ შორის, მობილურზე, კომპიუტერზე და სხვა მოწყობილობებზე". - წერია ადმინისტრაციული ოფიცერის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მეილში, რომელზე წვდომაც Axios-მა მოიპოვა.
გამოცემის ცნობით, ადმინისტრაციული ოფიცრის თქმით, მისაღებია WhatsApp-ის ნაცვლად მისი ალტერნატივების გამოყენება, მათ შორის, Microsoft Teams-ის, Wickr-ის, Signal-ის, iMessage-სა და FaceTime-ის.
WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta-ს სპიკერის, ენდი სტოუნის თქმით, კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება წარმომადგენელთა პალატის მთავარი ადმინისტრაციული ოფიცრის შეფასებას.
"WhatsApp-ზე შეტყობინებები ავტომატურად დაშიფრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ნახვა მხოლოდ მიმღებებს შეუძლიათ და თავად WhatsApp-საც კი არა. ეს უსაფრთხოების უფრო მაღალი დონეა, ვიდრე მის მიერ დამტკიცებულ სიაში შემავალი აპლიკაციების უმეტესობა, რომლებიც ასეთ დაცვას არ გვთავაზობენ". - თქვა სტოუნმა.





