ჯეფ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსმა AMAZON-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია საკუთარი ნებით დატოვა

ჯეფ ბეზოსი
ფოტო: Sky News

27-წლიანი მმართველობის შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიის უმაღლესი, აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია საკუთარი ნებით დატოვა.

ბეზოსის ადგილი ვებ-სერვისების დეპარტამენტის [AWS] ყოფილმა ხელმძღვანელმა, 53 წლის ენდი ჯესიმ დაიკავა, რომელიც Amazon-ის გუნდს 1997 წელს შეუერთდა.

1994 წელს დაარსებული ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.8 ტრილიონ დოლარს აღწევს და ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად ითვლება.

1997 წელს, პირველადი საჯარო შეთავაზების [IPO] დროს, Amazon-ის აქციის ფასი 18 დოლარი იყო, ამჟამად კი ის 3 500 დოლარს აჭარბებს.

მიუხედავად აღმასრულებელი პოზიციის დატოვებისა, ბეზოსი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ რჩება და ის ამჟამად კომპანიის 10.3%-იან წილს აკონტროლებს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბეზოსის ქონება 201 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

"რეალურად, ჯეფი არსად არ მიდის. ეს უფრო მეტად იმის რესტრუქტურიზაციაა, თუ ვინ რას გააკეთებს". – თქვა მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა, ბრაიან ოლსავსკიმ.

ბეზოსის თქმით, გადაწყვეტილება მისი ცხოვრებისეული ინტერესების ცვლილებას უკავშირდება, რადგან მას სურს, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ კოსმოსურ კომპანიას, Blue Origin-ს და საქველმოქმედო ფონდებს.

Blue Origin-ის დასაფინანსებლად ბეზოსმა უკანასკნელი წლების განმავლობაში Amazon-ის აქციებს ნაწილი გაყიდა, კერძოდ, 2020 წელს 10 მილიარდი დოლარის, 2021 წელს კი დამატებით $2.5 მილიარდის.

აღნიშნული ინვესტიციების ერთ-ერთი მიზანი კი თავად ბეზოსისა და მისი ძმის კოსმოსში გაფრენაა, რომელიც 20 ივლისსაა დაგეგმილი.

მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ბეზოსი ერთდროულად გახდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, პირველი მილიარდერი და მეწარმე, რომელიც საკუთარი ხომალდით დატოვებს დედამიწის ორბიტას.

ბეზოსის ამბიციური გეგმა, შესაძლოა, ვერ შესრულდეს, რადგან მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა, Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა და მილიარდერმა, რიჩარდ ბრანსონმა თქვა, რომ მისი ხომალდი გასაფრენად უკვე მზად არის და ის 11 ივლისს, ბეზოსამდე 9 დღით ადრე, გეგმავს დედამიწის დატოვებას.

იმ შემთხვევაში, თუ Virgin Galactic-ის Unity 22 მისია წარმატებული აღმოჩნდება, ბრანსონი გახდება პირველი მილიარდერი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება.

კომენტარები