ავღანეთი

ბაიდენი: ავღანელებმა თავად უნდა შეძლონ ქაბულის თალიბანისგან დაცვა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

"ავღანელებმა თავად უნდა შეძლონ ქაბულის დაცვა იმ საჰაერო ძალებით, რომელსაც ჩვენ ვაწვდით". - აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკამ შესაბამისი რესურსები დატოვა ავღანეთის ხელისუფლების დასახმარებლად იმ შემთხვევისთვის, თუ მათ საჰაერო ძალები დასჭირდებათ ქაბულის თალიბანისგან დასაცავად.

"არ ვაპირებ ავღანეთზე მეტის თქმას. შეხედეთ, 4 ივლისია. ეს არდადეგების კვირეულია, ვაპირებ მის აღნიშვნას. კარგი რამეები გველოდება წინ". - ბაიდენმა თავი აარიდა კითხვებს ავღანეთში თალიბანის გაძლიერების საფრთხეებზე.

ამასთან ერთად, ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის ჯარები ჯერ მთლიანად არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას და სექტემბრამდე გაგრძელდება ეს პროცესი.

The Wall Street Journal-ის მიხედვით, გასულ კვირას აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა დაასკვნა, რომ აშშ-ს ძალების ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში, შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს. WSJ ამ ინფორმაციას მცოდნე პირებზე დაყრდნობით ასაჯაროებს. 

აშშ-ს დაზვერვის სააგენტოებმა გადახედეს საკუთარ წინა, უფრო ოპტიმისტურ დასკვნებს, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანმა ათეულობით რაიონი და მნიშვნელოვანი ქალაქების შემოგარენი დაიკავა. ხშირ შემთხვევაში ავღანეთის თავდაცვის ძალები უბრძოლველად ნებდებოდნენ, უკან იხევდნენ და ტოვებდნენ ამერიკელების მიერ მიწოდებულ შეიარაღებასა და აღჭურვილობას. 

ოთხშაბათს, 23 ივნისს, თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის ძალებს შორის მოხდა შეტაკება ქალაქ ქუნდუზის ჩრდილოეთ ნაწილში. წინა დღეს კი თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის მთავარი სასაზღვრო პუნქტი ტაჯიკეთთან, რის შემდეგაც ტაჯიკმა მესაზღვრეებმა სამთავრობო ძალების 134 სამხედრო ქვეყანაში შეუშვეს და თავშესაფარი მისცეს. დაახლოებით 100 სამხედრო მოკვდა ან თალიბანს ტყვედ ჩაუვარდა. თალიბანმა მიაღწია ჩრდილოეთ ავღანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილის, სიდიდით მეოთხე ქალაქის, მაზარ-ი-შარიფის მისადგომებს. 

ადგილობრივი პოლიტიკოსები და ტომის ლიდერები სამთავრობო ძალების თალიბანისთვის დანებების შესაძლებლობებს განიხილავენ. მთავრობის მიერ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც თვეების განმავლობაში გასამრჯელოს ვერ იღებენ, ხშირად თალიბანის  თავისუფლად და უსაფრთხოდ გატარების სანაცვლოდ საკუთარ პოსტებსა და შეიარაღებას ტოვებენ. 

აშშ-ს დაზვერვა აქამდე თვლიდა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მთავრობა ამერიკის ჯარის დატოვებიდან, მინიმუმ, 2 წელიწადს მაინც გაუძლებდა თალიბანის ზეწოლას. საბოლოო მოსაზრების მიხედვით კი, ქაბულის მთავრობა, შესაძლოა, 6-12 თვის შუალედში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. 

თალიბანის დაწინაურების გამო, აშშ ჯარების გაყვანის შენელებას და ბაგრამის ავიაბაზის დროებით შენარჩუნებას განიხილავს. 

კომენტარები