Tbilisi Pride

მეზვრიშვილი პრაიდზე: თაბაგარი ცრუობს, 2019-ში გამოხატვის თავისუფლების უფლება რეალიზებული იყო

გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ნათია მეზვრიშვილის მტკიცებით, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღონისძიების ჩასატარებლად ადეკვატური კონტაქტის დამყარება გაუჭირდათ. მეზვრიშვილის თქმით, 2019-ში გამოხატვის თავისუფლების უფლება რეალიზებული იყო და პოლიციამ მოახერხა, ძალადობა არ დაეშვა.  

"გიორგი თაბაგარი ცრუობს. ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ფაქტს, როდესაც პოლიციამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით შსს-ში, ძალადობა ან დაუშვა ან იქ, სადაც ძალადობა პოლიციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუყოვნებლივ არ აღკვეთა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს. მე არ მინდა დეტალებში შევიდე. ჩვენ როდესაც ვიყავით შსს-ში, პირველად ისტორიაში შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლდათ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. 

[...] ცრუობს, ამბობს, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა. მე გახლდით ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ კურატორობდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს და ჩატარდა, გამოხატვის თავისუფლების უფლება რეალიზებული იყო იმ წლებში. პოლიციამ მოახერხა, რომ არ დაეშვა ძალადობა და მოახერხა ის, რომ ყველა, ვინც რაღაც დაარღვია - 30-მდე ადამიანი დავაკავეთ". - ამბობს ნათია მეზვრიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.  

თუმცა, 2019 წელს, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია შს მინისტრი იყო, უწყებამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა და ღონისძიების არჩატარება შესთავაზა. თბილისი პრაიდმა 8 ივლისს შსს-სთან "პარტიზანული პროტესტი" მოაწყო - ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მშვიდობიანი მოქალაქეები შეატოვა მოძალადე ჯგუფებს". 

"2019 წელს კიდევ უფრო მძიმე იყო სიტუაცია, მაშინ პირველი პრაიდი ტარდებოდა. სახელმწიფოსგან კიდევ უფრო ნაკლები თანამშრომლობა იყო, ჩვენ შსს-სთან ადეკვატური კონტაქტის დამყარება გაგვიჭირდა და უშუალოდ მარშის დღეს, როცა ვაპირებდით გარეთ გასვლას, მათგან მივიღეთ შეტყობინება, რომ არ დაგვიცავდნენ და არ დაგვეხმარებოდნენ არც ტრანსპორტით, რომ იქ ადამიანები უსაფრთხოდ მიგვეყვანა, მაშინაც, როცა ადგილმდებარეობა არც კი იყო გასაჯაროებული. ასეთ პირობებშიც კი ვერ ვითანამშრომლეთ ეფექტიანად მთავრობასთან. 

2019 წელს სამი ღონისძიება იყო და ამ ღონისძიებებიდან პრაქტიკულად არცერთზე არ გვყავდა შსს-ს ძალები მობილიზებული, მაშინ პოლიციელები კანტიკუნტად  იყვნენ. შსს-სთან გავმართეთ აქცია და იქ იყო ათამდე პოლიციელი, მაგრამ ეს არ იყო დაცული ღონისძიება. ჩვენ პირდაპირ შეგვატოვეს მაშინ მოძალადე ჯგუფებს". - ამბობს გიორგი თაბაგარი ფორმულასთან


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები