აშშ-თურქეთი

აშშ თურქეთს ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენების ფაქტებთან კავშირში ადანაშაულებს

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელების რაზმის წევრები
Reuters

აშშ-მ თურქეთი დაამატა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც გასულ წელს კავშირი ჰქონდათ ბავშვების ჯარისკაცებად დაქირავების პროცესში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც NATO-ს წევრი ქვეყანა მსგავს ქმედებაშია დადანაშაულებული. ამ სიტუაციამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის პირთა ტრეფიკინგის ანგარიშის მიხედვით, თურქეთი "მატერიალურ დახმარებას" აწვდიდა სირიაში მოქმედ სულთან მურადის დანაყოფს. ეს არის ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ოპოზიციური შენაერთი, რომელსაც აშშ ბავშვების ჯარისკაცებად დაქირავებაში ადანაშაულებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გაკვრით ახსენა ბავშვების სამხედრო მიზნებისთვის დაქირავება ლიბიაშიც.

"მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა თურქეთის მიმართ ... ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც NATO-ს წევრი ბავშვ ჯარისკაცთა შეჩერების აქტის სიაშია. როგორც პატივსაცემ რეგიონულ ლიდერსა და NATO-ს წევრს, თურქეთს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემას, სირიასა და ლიბიაში ბავშვების ჯარისკაცებად დაქირავებას, მიხედოს". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა. 

თურქეთი სირიასა და ლიბიის კონფლიქტებში მასშტაბურადაა ჩართული. 

იმ სამხედრო დაჯგუფებათაგან რამდენიმე, რომლებსაც თურქეთი სირიაში აფინანსებდა, გაეროს მიერ დადანაშაულებული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განურჩევლად სროლაში, ძარცვასა და გატაცებებში. 


 

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 8521 ბავშვი ჯარისკაცად გამოიყენეს, 2674 –კონფლიქტების დროს დაიღუპა, 5748 კი დაშავდა. 3243 ბავშვი დააკავეს შეიარაღებულ ჯგუფებთან, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. ანგარიში ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტები ყოველწლიურია.

ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტების დროს ბავშვთა უფლებათა მძიმე დარღვევების მსხვერპლი 19 379 ბავშვი იყო, აქედან 14 097 – ბიჭი, 4 993 კი გოგო. უცნობია 289 ბავშვის სქესი. ამ ანგარიშის მიხედვით ყველაზე ხშირი დარღვევა იყო ბავშვების გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის.

ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალიში, სირიის არაბულ რესპუბლიკასა და იემენში. 

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს კონფლიქტის დროს ბავშვთა გატაცების შემთხვევები 90, ხოლო ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები 70%-ით გაიზარდა. ბავშვების გატაცებას ხშირად ახლავს ან სექსუალური ძალადობა, ან მათი ჯარისკაცებად აყვანა. 

ჯარისკაცებად გამოყენებული ბავშვების 85% ბიჭები იყვნენ, ხოლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 98% გოგონები. ანგარიშის ცნობით, სექსუალური ძალადობის ფაქტების დიდი ნაწილი სოციალური სტიგმების გამო შეუტყობინებელი დარჩა. 

ანგარიშში ასახულია კონფლიქტის21 შემთხვევა. 

ბავშვებს ჯარისკაცებად იყენებენ ისეთი დაჯგუფებები, როგორიცაა თალიბანი ავღანეთში ან ჰუსიტები იემენში. 

კომენტარები