გაერო-ს ანგარიში

გაეროს ანგარიში: 2020 წელს 8521 ბავშვი ჯარისკაცად გამოიყენეს

იემენელი ჰუსიტი ბავშვი, 2017 წელი 

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 8521 ბავშვი ჯარისკაცად გამოიყენეს, 2674 –კონფლიქტების დროს დაიღუპა, 5748 კი დაშავდა. 3243 ბავშვი დააკავეს შეიარაღებულ ჯგუფებთან, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. ანგარიში ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტები ყოველწლიურია.

ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტების დროს ბავშვთა უფლებათა მძიმე დარღვევების მსხვერპლი 19 379 ბავშვი იყო, აქედან 14 097 – ბიჭი, ხოლო 4 993 გოგო არის. უცნობია 289 ბავშვის სქესი. ყველაზე ხშირი დარღვევა, ამ ანგარიშის მიხედვით, ბავშვების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება იყო.

ყველაზე მეტი დარღვევები დაფიქსირდა ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალში, სირიის არაბულ რესპუბლიკასა და იემენში. 

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს კონფლიქტის დროს ბავშვთა გატაცების შემთხვევები 90, ხოლო ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები 70%-ით გაიზარდა. ბავშვების გატაცებას ხშირად ახლავს ან სექსუალური ძალადობა, ან მათი ჯარისკაცებად აყვანა. 

ჯარისკაცებად გამოყენებული ბავშვების 85% ბიჭები იყვნენ, ხოლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 98% გოგოები. ანგარიშის ცნობით, სექსუალური ძალადობის ფაქტების დიდი ნაწილი სოციალური სტიგმების გამო შეუტყობინებელი დარჩა. 

ანგარიშში ასახულია 21 კონფლიქტის შემთხვევები. 

ბავშვებს ჯარისკაცებად იყენებენ ისეთი დაჯგუფებები, როგორიცაა თალიბანი ავღანეთში ან ჰუსიტები იემენში. 

კომენტარები