ჩინეთი

სი ძინფინგი: ვინც ჩვენს დაჩაგვრას ეცდება, თავს დიდ კედელზე ვარტყმევინებთ

სი ძინფინგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილეზე

ჩინეთის კომუნისტური პარტია 100 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით მიმართვა გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა და პარტიის ლიდერმა, სი ძინფინგმა. 

"ჩინელი ხალხი არასდროს დაუშვებს უცხო ძალების მიერ დაჩაგვრას, შევიწროებასა და დაპყრობას. ვინც ამას ეცდება, თავს გასისხლიანებამდე ვარტყმევინებთ ფოლადის დიდ კედელზე, რომელიც 1.4 მილიარდი ჩინელი ხალხისგანაა ნაწრთობი". – თქვა სი ძინფინგმა პარტიის იუბილეს მიმართვის დროს, ტიანანმენის მოედანზე შეკრებილი 70 000 ადამიანის წინაშე. 

"ჩინელი ხალხი არა მხოლოდ ძველი მსოფლიოს განადგურებაშია კარგი, არამედ მან ახალი სამყაროც შექმნა. მხოლოდ სოციალიზმი გადაარჩენს ჩინეთს". – თქვა ასევე სი ძინფინგმა. 

სი ძინფინგი შეეხო სამხედრო განვითარების საკითხსაც.

"ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია უნდა დავაჩქაროთ". – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა. 

100 წლისთავზე საუბარი იყო ტაივანის საკითხზეც. 

"ჩინეთის ყველა შვილმა, ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მცხოვრები თანამემამულეების ჩათვლით, ერთად უნდა იმუშაოს. ისინი  სოლიდარობისკენ უნდა მიისწრაფოდნენ, მონდომებით გაანადგურონ ტაივანის დამოუკიდებლობის ნებისმიერი გეგმა". – ამბობს სი ძინფინგი ტაივანის საკითხზე. 

"დღეგრძელობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც დიდებული და მართალია! დღეგრძელობა ხალხს, რომელიც დიდებული და გმირულია!". – ასე დაასრულა სი ძინფინგმა საკუთარი სიტყვა პარტიის 100 წლისთავზე. 

კომენტარები