სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო გახდა. 2021 წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს, მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი სლოვენიის პრემიერმინისტრი იანეზ იანშა იქნება.
თავმჯდომარეობის დროს სლოვენიის პრიორიტეტები იქნება ევროპის პანდემიის შემდგომი აღდგენისთვის ხელშეწყობა, სტრატეგიული ავტონომიის და კანონის უზენაესობის გაძლიერება.
"სლოგანით ერთად - მდგრადი ევროპა ჩვენ ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ევროკავშირის აღდგენას და გავაძლიეროთ მისი მდგრადობა, გავლენა ვიქონიოთ ევროპის მომავალზე, გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა, ევროპული ღირებულებები, გავზარდოთ ევროპულ სამეზობლოში უშიშრობა და სტაბილურობა" – ნათქვამია სლოვენიის პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ სლოვენიის პრემიერმინისტრი წარსულში ევროკავშირის სხვა ლიდერებს დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მედიის თავისუფლების საკითხებში დაპირისპირებია. მას ასევე კარგი ურთიერთობა აქვს უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან და პოლონეთის პრემიერმინისტრთან ანდჟეი დუდასთან. უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ბოლო სამიტზე დასავლეთ ევროპის ლიდერებთან განხეთქილების მიზეზი გახდა. სამიტზე უნგრეთის მიერ მიღებულ ანტილგბტ კანონთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ორბანს მხარი მხოლოდ იანეზ იანშა და ანდჟეი დუდამ დაუჭირეს.
სამიტზე იანშამ ჟურანლისტებს უთხრა, რომ დებატები ლგბტ თემატიკაზე "შეხედულებების გულწრფელი გაცვლა იყო", რომელიც მომენტებში დაიძაბა და თუმცა ფაქტების განხილვის შემდეგ მდგომარეობა დამშვიდდა.
"სლოვენიას და ბევრ სხვა ქვეყანას არ სურს ევროპაში ახალი დაყოფის ნაწილი გახდნენ. ეს საკმარისად ხდება. ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გავხდით, რათა ვიყოთ ერთიანები და არა დაყოფილი" – თქვა იანეზ იანშამ.
ბოლო პერიოდში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპულმა კომისიამ, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვენია მედიის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა. სლოვენიის პრემიერმინისტრმა ბრალდება უარყო.