უკრაინა-რუსეთი

პუტინი: რა აზრი აქვს ზელენსკისთან შეხვედრას? ქვეყნის სრული კონტროლი დასავლეთს მისცა

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის საჭიროება. უკრაინასთან ურთიერთობაზე პუტინმა ყოველწლიურ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა, რომლის დროსაც პრეზიდენტს კითხვებს რუსეთის მოქალაქეები უსვამენ.

"რა აზრი აქვს ზელენსკისთან შეხვედრას, როცა ქვეყნის სრული კონტროლი დასავლეთის ქვეყნებს მისცა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვაშინგტონში, ბერლინში და გარკვეულწილად პარიზში იღებენ. უარს არ ვამბობ ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ საჭიროა გავიგოთ, რაზე უნდა ვისაუბროთ". – თქვა პუტინმა.

პუტინის შეფასებით, უკრაინის მმართველობა "არამეგობრულია" და უკრაინელი და რუსი ხალხი "ერთი ერია".

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, პრეზიდენტის განცხადება უკრაინის უცხოური ძალების მართვის შესახებ კლასიკურ რუსულ პროპაგანდად შეაფასა.

პოდოლიაკის თქმით, ეს კომენტარი აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერს საკუთარი ადმინისტრაცია არასწორ ინფორმაციას აწვდის.

"პრეზიდენტებს შორის პირდაპირი საუბრის საჭიროება სრულიად ნათელია". – თქვა პოდოლიაკმა.

აპრილში რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო, რამაც მდგომარეობის დაძაბვა გამოიწვია. დაძაბულობის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც პუტინმა უარი უთხრა და უპასუხა, რომ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეეძლო მოსკოვში ჩასულიყო შეხვედრისთვის.

უკრაინა პრორუს სეპარატისტებს 2014 წლის შემდეგ ებრძვის. დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში კონფლიქტი ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო. კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კიევი და დასავლური სახელმწიფოები რუსეთს სეპარატისტების სამხედრო ძალით და შეიარაღებით ეხმარება, რასაც მოსკოვი უარყოფს.

კომენტარები