აშშ-რუსეთი

ბლინკენი: თუ რუსეთი გააგრძელებს ჩვენზე თავდასხმას, ვუპასუხებთ

ენტონი ბლინკენი
France 24

აშშ-ს იმედი აქვს, რომ რუსეთთან უფრო სტაბილურ და სარგებლიან ურთიერთობების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ თუ რუსეთი აშშ-ზე თავდასხმას გააგრძელებს, ვაშინგტონი ამას უპასუხებს. რუსეთის და აშშ-ს ურთიერთობებზე სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა

"თუ რუსეთი გააგრძელებს ჩვენზე თავდასხმას ან იმოქმედებს ისე, როგორც SolarWind-ის თავდასხმის, ჩვენს არჩევნებში ჩარევის დროს და ნავალნის წინააღმდეგ აგრესიის გამოვლენისას, ვუპასუხებთ". – თქვა ბლინკენმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რომში ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის საკითხებზე სასაუბროდ იყო ჩასული.

16 ივნისს ბაიდენის და პუტინის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა მსგავსი განცხადებები გააკეთა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას კიბერშეტევები არ უნდა შეეხოს. რუსეთში ადამიანის უფლებებზე საუბრისას და ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, რუსეთისთვის შედეგები სავალალო იქნება.

ბაიდენისა და პუტინის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები