მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი წესდება.

კოდექსში შემდეგი ცვლილებები ხორციელდება:  

  • 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.
  • საარჩევნო ადმინისტრაცია შერეული სახის იქნება სამივე დონეზე, 8 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის 2/3-ით ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება.
  • კანონპროექტი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს.
  • ცვლილებები ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.
  • კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე.
  • დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია ასევე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
  • იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები. შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი.
  • გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%-ის ხელახლა გადათვლას ნიშნავს.
  • კანონპროექტში წარმოდგენილია არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობები. 

საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციამ ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია და ფრაქცია ლელო –პარტნიორობა საქართველოსთვის საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.


ამბიციური საარჩევნო რეფორმა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტმა ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა მიიღოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

კომენტარები