საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქმეზე მთავარი არხის, TV პირველის, კავკასიისა და ფორმულას ერთობლივი სარჩელი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს.
მოსარჩელეები, რომელთა ინტერესებს სასამართლოში GDI წარმოადგენს, დავობენ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსში და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში არსებული რეგულაციები გაუმართლებლად ზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი) და არ უპასუხებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).
ორგანიზაციის განცხადებით, გასაჩივრებული ნორმები მაუწყებელს ავალდებულებს, ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან არასრულწლოვანის დაცვას და უკრძალავს მსგავსი ინფორმაციის შემცველი პროგრამის გადაცემას. მოსარჩელეთა აზრით, ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით მიღებული რეგულაციები ბუნდოვანია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შინაარსობრივ რეგულირებას დაექვემდებაროს გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი მასალა, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის. ამასთან, სადავო ნორმათა ასეთი განუსაზღვრელობა ერთი მხრივ „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია, მეორე მხრივ კი შეიცავს ცენზურის ნიშნებს.
მოსარჩელეთა განცხადებით, საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უკვე არაერთხელ გამოიყენა გასაჩივრებული ნორმები და პასუხისმგებლობა დააკისრა არაერთ ტელეკომპანიას სადავო ნორმების საფუძველზე.
“სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, რათა არ გაიზარდოს კომისიის მხრიდან მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკები“. – წერია განცხადებაში.
2019 წლის სექტემბერში ბავშვთა უფლებათა კოდექსსა და მაუწყებლის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, ინტერნეტში "ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება უნდა შეიზღუდოს".
როგორც იმ დროს კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე განმარტავდა, "ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს".
თუმცა, ტელევიზიებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული ნორმები ბუნდოვანია, არ არის სათანადოდ განმარტებული და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, რაც მაუწყებლებს უჩენს ეჭვს, რომ კანონი კომუნიკაციების მარეგულირებელმა, შესაძლოა, ოპოზიციური მედიების წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენოს და სურვილის შემთხვევაში, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მაუწყებელს ავტორიზაციაც შეუჩეროს.
კანონპროექტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ – რა წერია და რა მიზანი აქვს ბავშვის დაცვის მოტივით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს