კრიპტოვალუტა

ჩინური აკრძალვების გამო, უმსხვილესი კომპანია კრიპტოვალუტის მაინერების გაყიდვას წყვეტს

ფოტო: reuters.com

ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების გამო, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის მაინერების მწარმოებელი კომპანია, Bitmain-ი მაინერების გაყიდვას წყვეტს. 

Reuters-ის ცნობით, გაყიდვების დროებით შეჩერების მიზეზი ჩინურ ბაზარზე გაჩენილი უპრეცედენტო მიწოდებაა. 

ქვეყნის მასშტაბით მსხვილი დეიტაცენტრების 90%-ის დახურვას და მაინინგის აკრძალვას ბაზარზე მეორეული მაინინგ მოწყობილობების სიჭარბის გაჩენა მოჰყვა. 

Bitmain-ის წარმომადგენლების განმარტებით, ჩინელი მაინერების დიდმა ნაწილმა ცენტრები დახურა და ახლა უკვე ქვეყნის მასშტაბით უსარგებლოდ ქცეული მაინინგმოწყობილობები ბაზარზე გასაყიდად გამოიტანა, რამაც ფასების კლება გამოიწვია. 

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, Bitmain-ისთვის ახალი მაინერების წარმოება და გაყიდვა მომგებიანი აღარ არის და, სავარაუდოდ, კომპანია იქამდე ვერ დაუბრუნდება მიწოდების ჩვეულ რეჟიმს, სანამ ბაზარი არ დასტაბილურდება და ჩინეთიდან გამოძევებული მაინერები მსოფლიოს მასშტაბით ახალ თავშესაფარს არ იპოვიან. 

გაძევების უახლესი ტალღა სიჩუანის პროვინციასა და შიდა მონღოლეთის რეგიონს შეეხო. ამ ტერიტორიებზე მსოფლიოს უმსხვილესი მაინინგცენტრებია განთავსებული, რომლებიც გლობალური ჰაშრეიტის უმნიშვნელოვანეს წილს ფლობენ. 

ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტის მოხმარებისა და მაინინგის აკრძალვების ტალღა ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო და თითქმის ყოველწლიურად მთავრობა ახალ შემზღუდავ რეგულაციებს აწესებს, თუმცა უახლესი აკრძალვების ტალღა თავისი სიმკაცრით უპრეცედენტოა. 

ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, ბიტკოინის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ყოველწლიურად იზრდება. მაინერების მხრიდან მოთხოვნის მკვეთრი ზრდა კი სისტემის გადატვირთვას და რეგიონებში ელექტროენერგიის დეფიციტის გაჩენის საფრთხეს ზრდის.


ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ჩინეთის მიერ მაინინგის აკრძალვა და ცენტრების დახურვა, გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტის მომავლისთვის პოზიტიური მოვლენაა, რადგან ის შეამცირებს ჩინეთის გავლენას კრიპტო- და გლობალურ მაინინგინდუსტრიაზე. 

ჩინეთის მკაცრი დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ, გარკვეულწილად, საკუთარი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის [CBDC] შექმნის სურვილითაა გამოწვეული, რომელიც კომუნისტურ მთავრობას მოსახლეობის თვალთვალისა და კონტროლის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვების 8-წლიან ისტორიაში ჩინეთის მთავრობა ახალ რეგულაციებსა და შეზღუდვებს სწორედ მაშინ აწესებს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულებს აღწევს. 

სავარაუდოდ, მაინერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად აშშ-ს რამდენიმე შტატი, კერძოდ, ტეხასი, ფლორიდა, ოჰაიო, ვაიომინგი და კოლორადო იქცევა.

ამ შტატებში მიღებულია რამდენიმე კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზაციას უწყობს ხელს და პოტენციური ინვესტორებისათვის მიმზიდველ სამართლებრივ გარემოს ქმნის.

ტეხასში მსხვილი მაინინგ ცენტრების აშენებას გეგმავენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Bitmain, Blockcap, Argo Blockchain, BIT, Layer1 და Compute North.

კომენტარები