უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა

დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე: პარლამენტის ხელშია, შეაჩეროს პროცესი კონსულტაციებამდე

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილ სასამართლო რეფორმას და უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რომელიც, რეკომენდაციების მიუხედავად, გრძელდება.

ელჩი აღნიშნავს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრებისთვის საქართველოს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება. 

"...იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, მას სჭირდება ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო. ბოლო 25 წელია, ვეხმარებით საქართველოს, შექმნას ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა განიხილეს და შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი. [..] სასამართლო რეფორმისთვის საჭიროა 19 აპრილის შეთანხმების შესრულება." – თქვა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩის აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის პირობა, რომ სასამართლო რეფორმა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის საშუალებით გატარდება.

"19 აპრილის შეთანხმება ძალიან კარგი გზამკვლევია, რომელიც მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციური სასამართლო რეფორმისა. 19 აპრილის შეთანხმება იყო მმართველი პარტიის და ოპოზიციის პირობა, რომ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის საშუალებით გატარდებოდა ამბიციური სასამართლო რეფორმა. ეს ჯერ არ მომხდარა." – თქვა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს.

"ახლა პარლამენტის ხელშია და მისი უფლებამოსილებაა, რომ შეაჩეროს ეს პროცესი, ვიდრე არ ჩაატარებს ინკლუზიურ კონსულტაციებს, რაც მათ ძალიან წარმატებით გააკეთეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით" – თქვა კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


23 ივნისს აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა. კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.

 

კომენტარები