კორონავირუსი და შეზღუდვები

ამნისტია შეეხება მათ, ვისაც შეზღუდვების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების განმეორებითი დარღვევის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ – ამნისტია შეეხებათ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერმინისტრის თქმით, პარლამენტს ასევე წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები მოეხსნებათ.

ღარიბაშვილი განმარტებით, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე, ადმინისტრაციული სახლდელისგან გათავისუფლდება, დაახლოებით, 245 000-ზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარაია დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმაზე.

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში, კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და ძალიან რთული იყო 2020 წელი. აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი.  

ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობსი შემსუბუქება". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრის თქმით, ეს საკითხი ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოზე განიხილა და ინიციატივას უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ.  

18 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტს მიმართა, გამოეცხადებინათ ამნისტია, რომელიც მოიცავდა Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ჯარიმა 20 ლარია, კარანტინის, იზოლაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო კი მოქალაქე 2 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. 

კომენტარები