საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია

საბერძნეთში ნარკოტრეფიკინგში ბრალდებულმა მღვდელმა 7 მიტროპოლიტს მჟავა შეასხა

მღვდელი, რომელმაც მიტროპოლიტებს მჟავა შეასხა
orthodoxia.info

საბერძნეთში დააკავეს მღვდელი, რომელმაც 7 მიტროპოლიტს სინოდის სხდომაზე მჟავა შეასხა. სინოდის სხდომა განიხილავდა ამავე მღვდლის ეკლესიიდან განკვეთის საკითხს. 

36 წლის მღვდელი, რომელიც მიტროპოლიტებს თავს დაესხა, დადანაშაულებული იყო ნარკოტრეფიკში. საბერძნეთის მედიის მიხედვით, სინოდში მისი საქმის განხილვა მიმდინარეობდა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2018 წელს ამ მღვდელს 1.8 გრამი კოკაინი ანაფორის ქვეშ გენიტალიების არეში აღმოუჩინეს.

შემთხვევა ათენში, პეტრაკის მონასტერში მოხდა. 36 წლის მღვდელმა სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტებს ორი ბოთლი მჟავა შეასხა. სასულიერო პირებს დაუზიანდათ სახე და ხელები. დაშავდა პოლიციელი, რომელიც მიტროპოლიტთა დასახმარებლად მივიდა და ასევე, მცველი, რომელიც 36 წლის მღვდელს დასაჭერად გაეკიდა. მინიმუმ, ორმა მიტროპოლიტმა თვალების დამწვრობა მიიღო.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია 5 მიტროპოლიტს, დანარჩენი ორი კერძო საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაშია სამი მიტროპოლიტი. საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კისილიასის თქმით, ერთ-ერთ მიტროპოლიტს პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდება.

შემთხვევა დაგმო საბერძნეთის პრეზიდენტმა, ეკატერინი საკელაროპულუმ. მომხდართან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს იერონიმოს II-ს ესაუბრა.  

კომენტარები