ვაქცინაცია საქართველოში

კანდელაკი: ახლა ვირუსით გარდაცვალება მხოლოდ აუცრელობის ბრალია, პასუხისმგებელია ოცნება

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დღეს ვინც ვირუსით იღუპება, მხოლოდ აუცრელობის ბრალია და პასუხისმგებლობა მთლიანად ოცნებას ეკისრება, წინასწარი შეკვეთა არ გააკეთა არცერთ კომპანიასთან და ამასთან ერთად ვაქცინაციის პროცესშიც უამრავი შეფერხებაა - ასტრაზენეკას მეორე დოზას მოსახლეობა ვერ იღებს.

"მაშინ, როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში პანდემია ფაქტიურად დასრულდა, საქართველოში აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 2.2%. ასტრაზენეკას ასაკის დაწევის ნაცვლად, მეორე აცრაზე ხალხი გადააგდეს. ახლა ყოველი ადამიანის ვირუსით გარდაცვალება მხოლოდ აუცრელობის ბრალია და პასუხისმგებლობა მთლიანად ოცნებას ეკისრება, რადგან მთავრობამ ვაქცინის წინასწარი შეკვეთა არ გააკეთა არცერთ კომპანიასთან. არც ერთთან. ახლა გამოდიან ჭკვიანი სახეებით და წელში გაწყვეტილ რესტორნებს ეუბნებიან – მაინც 11 საათზე უნდა დაიკეტოთო. მხოლოდ ამ კატასტროფის გამო გადადგებოდა მთავრობა ოდნავ ცივილიზებულ ქვეყანაშიც კი, ხოლო ისინი, ვინც ხელი მოაწერა ფულის ვაქცინის წინასწარი შეკვეთების ნაცვლად ქუჩების მორეცხვასა და კორუფციულ სამოგზაურო კარანტინში გადაყრას, წავიდოდნენ პირდაპირ ციხეში". – ამბობს კანდელაკი.

ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

ტაბულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, NCDC-ში კითხვებს არ პასუხობენ.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გეტყვით, რომ ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს. შუალედი ხომ იცით? 8-დან 12 კვირამდე არის. მე სხვა კითხვებზე ვერ გაგცემთ პასუხს, მე გითხარით, რომ ყველა მიიღებს აბსოლუტურად". –ამბობენ NCDC-ში.  

NCDC ვერც იმას ხსნის, თუ რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვინც ASTRAZENECA-ის პირველი დოზიდან 10-12 კვირაში ელოდება მეორე დოზას, ისინი აუცილებლად აიცრებიან, ხოლო ვინც 4-10 კვირაში ჩაეწერა, მათ მოთმინება მოუწევთ - ამის მიზეზია ვაქცინის შეფერხებული მოწოდება.

გარდა ამისა, ერთ-ერთ მიზეზად ამირან გამყრელიძე ასახელებს ლოჯისტიკურ პრობლემებსაც.

კომენტარები