ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე ASTRAZENECA-თი აცრის შეფერხებაზე: სამწუხაროდ, მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ASTRAZENECA-თი ვაქცინაციის შეფერხების მიზეზია მიწოდების დაგვიანება. 

"ASTRAZENECA-ს ახალი დოზები 22 ივნისში უნდა შემოსულიყო გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რომელზეც არ ჩავღრმავდები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა და ამიტომ ჩვენ დაახლოებით 4-5 ათასამდე ვაქცინაზე დეფიციტი გვაქვს". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ASTRAZENECA-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

ტაბულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, NCDC-ში კითხვებს არ პასუხობენ.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გეტყვით, რომ ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს. შუალედი ხომ იცით? 8-დან 12 კვირამდე არის. მე სხვა კითხვებზე ვერ გაგცემთ პასუხს, მე გითხარით, რომ ყველა მიიღებს აბსოლუტურად". – ამბობენ NCDC-ში.  

NCDC ვერც იმას ხსნის, თუ რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

კომენტარები