ტოკიოს ოლიმპიადა

ძალოსანი ლორელ ჰაბარდი პირველი ტრანსგენდერი ათლეტია, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს

ახალი ზელანდიის მოქალაქე, ლორელ ჰაბარდი, პირველი ტრანსგენდერი ათლეტი იქნება, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს

ახალი ზელანდიის ოფიციალურმა პირებმა ჰაბარდი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, ქალთა ძალოსნობაში საასპარეზოდ შეარჩიეს, მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო კრიტერიუმები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის შერბილდა.

ცნობისთვის, ლორელ ჰაბარდი 2013 წლამდე, ტრანსგენდერად იდენტიფიცირებამდე, კაცთა ძალოსნობაში მოღვაწეობდა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, გადაწყვეტილების შესახებ აზრი ორად გაიყო. ზოგიერთის აზრით, ჰაბარდს კონკურენტი ქალების წინააღმდეგ უსამართლო უპირატესობა ექნება, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ სპორტის ინკლუზიურობის ზრდა აუცილებელია. 

"ძალიან ამაყი და მადლიერი ვარ იმ სიკეთისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი ახალზელანდიელისგან მივიღე". – ოლიმპიურმა კომიტეტმა ჰაბარდის განცხადება გამოაქვეყნა. 

ტრანსგენდერი ათლეტი 87-კილოგრამიან კატეგორიაში იასპარეზებს. 43 წლის ჰაბარდს ქალთა კატეგორიაში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მიეცა, რაც ახალი ზელანდიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ტესტოსტერონის ჰორმონის კონკრეტულ ნიშნულზე დაბალი დონის მქონე ტრანსგენდერ ქალებს ქალთა კატეგორიაში ასპარეზობის ნება დართო.

კომენტარები