ტოკიოს ოლიმპიადა

პრემიერი: ვერცხლისმედალოსან ოლიმპიელებს 500 000 ლარს გადავცემთ, ბრინჯაოსმედალოსანს – 250 000-ს

საქართველოს ბიუჯეტიდან ვერცხლისმედალოსან ოლიმპიელებს 500 000 ლარი გადაეცემათ, ხოლო ბრინჯაოსმედალოსნებს 250 000 ლარი. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს მილიონ ლარს, რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაოზე -  250 000 ლარი" - განაცხადა პრემიერმა ოლიმპიელებთან შეხვედრაზე და მადლობა გადაუხადა "ყველას: ექიმებს, მწვრთნელებს, ვინც თქვენ გვერდით იდგა".

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ოლიმპიადაზე 8 მედალი მოიპოვა. აქედან ორი ოქროსი (ჯამში ორი მილიონი ლარი), ხუთი ვერცხლის (2.5 მილიონი ლარი) და ერთი ბრინჯაოსი - 250 000 ლარი. ოლიმპიელებს საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამში 4 750 000 ლარი გადაეცემათ.

აქამდე საუკეთესო შედეგი იყო 7 მედალი. საქართველოს ნაკრებმა ეს რაოდენობა 2008 წელს პეკინში და 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მიიღეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ ძიუდოისტები: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ ნაკრებს ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ მოუტანა.

კომენტარები