ბადრი ესებუას საქმე

ბადრი ესებუას მამა: ბადრი ჩემთვის მკვდარია, მისი უდანაშაულო ძმა ციხეშია, ცოცხლად დაგვმარხა

ტარიელ ესებუა

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა, ამბობს, რომ მისთვის სათქმელი არაფერი აქვს და ის "მისთვის მკვდარია".  ამის შესახებ ესებუამ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა, ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში... ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ - ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით... ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი. ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, დღეს მის გამო მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია". – ამბობს ტარიელ ესებუა. 

მისივე თქმით, ბიძინა ესებუა უდანაშაულოა და მას იარაღი "ჩაუდეს". ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი სამართალდამცველების ტყვეა. 

"დამეღუპა ოჯახი... ბიძინას კი, ამ უდანაშაულო კაცს, რაც გაუკეთეს, ყველამ კარგად იცის. პაემანი გვქონდა მასთან, ცოლ-შვილი მივუყვანე. დედამისმაც ერთხელ ნახა. ნეტავ, არ მენახა... კაცი ცარიელი ცხვირია დარჩენილი. რამდენი ხანია, აპროტესტებს უკანონოდ დაკავებას და შიმშილობს... 22-ში კიდევ გვიწევს მასთან მიკროპაემანი, მაგრამ დედამისს შევუშვებ, მე არ შევალ, არ შემიძლია მისი ნახვა, ცუდად ვარ...ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვა­ნეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს". – ამბობს ტარიელ ესებუა ინტერვიუში. 


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდში 12 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, "არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები." უწყების ცნობით, მისი ჩხრეკისას 2 ხელყუმბარა, საძილე ტომარა, პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის თქმით, ნივთები მას საბარგულში ჩაუდეს.

კომენტარები