24 მარტს ისრაელის ძალებმა 2025 წლის ოსკარის გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის No Other Land პალესტინელი რეჟისორი ჰამდან ბალალი დასავლეთ სანაპიროს სოფელ სუსიაში დააკავა. რეჟისორის დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება დასავლეთ სანაპიროს ებრაული დასახლებების მცხოვრებ ისრალელებსა და პალესტინელებს შორის, რომლის დროსაც, გავრცელებული ცნობებით, ბალალი დაშავდა.
პალესტინელი მოწმეების თქმით, რამდენიმე ათეული ისრაელელი სოფელ სუსიაში შეიჭრა და იქაურ მცხოვრებლებს, მათ სახლებსა და მანქანებს ქვები დაუშინა. ისრაელის სამართალდამცავი უწყების განცხადებით, ადგილობრივმა პალესტინელებმა თავდამსხმელებს საპასუხოდ ესროლეს ქვები. დაპირისპირებაში ისრაელის ძალები ჩაერთო და 3 პალესტინელი, მათ შორის, ოსკაროსანი რეჟისორი დააკავა. სამართალდამცავებმა დააკავეს ერთი ისრაელელიც, რომელიც დაპირისპირებაში იყო ჩართული.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მტკიცებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "რამდენიმე ტერორისტმა ისრაელის მოქალაქეებისა და მათი მანქანების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს". თუმცა, ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ შენიღბული ისრაელელები პალესტინელებს ესხმიან თავს და მათ საკუთრებას აზიანებენ.
No Other Land-ის თანარეჟისორი ბასელ ადრა ამბობს, რომ ბალალის დაკავება შესაძლოა, შურისძიება იყოს დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის, რომელიც აღბეჭდავს, თუ როგორ ანგრევს ისრაელი პალესტინელების სახლებს დასავლეთ სანაპიროს პალესტინურ დასახლება მასაფერ იატაში. როგორც ადრა იხსენებს, შენიღბული და ზოგი შეიარაღებული პირი სუსიაში რამადანის მარხვის დასრულების შემდეგ, საღამო პერიოდში შეიჭრნენ. ადრას მტკიცებით, ჯარისკაცებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს, ბალალი დააკავეს და შემდეგ სცემეს. ბალალის ცოლი ამბობს, რომ მან მეუღლის ყვირილი გაიგო - "ვკვდები", როდესაც ის გადაჰყავდათ.
როგორც რეჟისორმა საკუთარ ადვოკატს უთხრა, ის ისრაელელი პირების მიერ საკუთარ სახლზე მიყენებულ ზიანს იღებდა, როდესაც ამ პირებთან ერთად ჯარისკაცები მოვიდნენ, მას სცემეს და შემდეგ დააკავეს. ბალალის თქმით, მას თვალები აუხვიეს, მთელი ღამის განმავლობაში გარეთ დატოვეს და დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში რომელიმე პალესტინელი დააკავეს. ისრაელის ხელისუფლებას ბალალსა და სხვა დაკავებულებზე ძალადობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.





