ნინოწმინდის პანსიონი

ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან პროდუქტიული იქნება

საქართველოს მთავრობა

"სოციალური მუშაკები შეუფერხებლად მუშაობენ. ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია". - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იქნება.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსა და ახალ ხელმძღვანელობასთან იქნება ძალიან პროდუქტიული. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონატებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. ვგულისხმობ, ნინოწმინდის პანსიონთან მიმართებით ჩვენ ვიმუშავებთ, რომ იქ შესაძლებელი გახდეს ბავშვების განთავსება, როგორც მცირე ზომის ოჯახის ტიპის სახლში. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ. ყოველთვის პოზიტიურის მოლოდინი გვაქვს". - ამბობს ტიკარაძე.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პანსიონში შესვლის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრის აზრით,  სახალხო დამცველი ვალდებულია, პანსიონში შევიდეს.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან.

"რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია, შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან". - ამბობს ტიკარაძე.


5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები