ტაივანი-ჩინეთი

ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის ყველაზე მეტი, 28 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა

ტაივანის საჰაერო ძალების F-16 (დაბლა) და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების H-6 (მაღლა) ტაივანთან. 2020 წლის 10 თებერვალი.
ჩინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო / AP

15 ივნისს ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინეთის 28 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა, ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტაიპეის თანახმად, თვითმფრინავებს შორის იყოს 14 J-16-ის ტიპის და 6 J-11 ტიპის გამანადგურებელი, ოთხი H-6 ტიპის ბირთვული ბომბდამშენი, ასევე წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო, რადიოელექტრონული თავდასხმისთვის განკუთვნილი და სადაზვერვო საფრენი აპარატები.

ჩინეთის თვითმფრინავებმა ტაივანის კონტროლირებად პრატასის კუნძულების და ტაივანის სამხრეთი ნაწილის ახლოს ჩაიფრინეს.

გასული წლიდან ტაივანის საჰაერო ზონაში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები ხშირად, ზოგჯერ ყოველდღიურად იჭრებიან. აპრილში ტაივანის საჰაერო ზონაში 25 თვითმფრინავი შეიჭრა.

ინციდენტამდე ერთი დღით ადრე NATO-ს სამიტზე ალიანსის ლიდერებმა ჩინეთის საფრთხეები განიხილეს. NATO-ს კომუნიკეს თანახმად ჩინეთის ქმედებები "სისტემურ გამოწვევას" ქმნის. ჩინეთი სწრაფად ზრდის ბირთვულ შეიარაღებას, ნათლად არ საუბრობს თავის სამხედრო მოდერნიზაციასა და რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე.

NATO-ს სამიტამდე დიდი შვიდეულის სამიტზე, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ლიდერებმა ასევე დააყენეს ჩინეთის საკითხი. ლიდერებმა ჩინეთს ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდეს, რაც ჩინეთში ეთნიკური უმცირესობის, უიღურების მიმართ გატარებული ძალადობრივი ქმედებების და ჰონგ-კონგში დემოკრატიულ პროტესტზე წნეხს უკავშირდება.

კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე აქტიურად გაზარდა წნეხი. ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში:

კომენტარები