აზერბაიჯანი-სომხეთი

ალიევი: ზანგეზურის კორიდორზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, პრაქტიკულ სამუშაოებსაც ვატარებთ

"ეს არის ისტორიული მიღწევა" - ასე აღწერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ შუშის დეკლარაციას. მისივე თქმით, ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან საკითხს: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და სამხედრო დახმარებას და მეორე, ტრანსპორტსა და კომუნიკაციას. ამასთან ერთად ილჰამ ალიევმა ისაუბრა ზანგეზურის კორიდორის მნიშვნელობაზე მოცემულ დეკლარაციაში.

"დეკლარაციაში ასახულია ზანგეზურის კორიდორის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის იმ ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის შედეგი, რაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა შექმნა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ზანგეზურის კორიდორზე, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებსაც ვატარებთ მის შესაქმნელად. ეს საკითხი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოცემულ დეკლარაციაში". - ამბობს ილჰამ ალიევი

15 ივნისს თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შუშის დეკლარაციას, რომელიც ეხება სამხედრო თანამშრომლობას და ახალი სატრანსპორტო გზების შექმნას. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ისტორიულ ქალაქ შუშაში . 

ზანგეზურის კორიდორი, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო, აკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევნის რეგიონს. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ კორიდორის გახსნას ითვალისწინებს. ზანგეზურის კორიდორი მდებარეობს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე.  

კომენტარები