დაბრუნებული მიგრანტები

ფინანსური ხელშეწყობისთვის, საქართველოში დაბრუნებულ 185 მიგრანტს 4000 ლარი გადაეცემა

ნეტგაზეთი

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით  გრანტი გადაეცემა – ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს წარმოადგენს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა .

185 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს.

პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

BM.GE-ის ინფორმაციით, 4000 ლარის ფარგლებში გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ.

გრანტის მისაღებად ბიზნესპროექტის წარდგენაა საჭირო, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს. მოწონების შემთხვევაში კი პროექტი შესაძლოა იმ 200-მდე ბენეფიციარს შორის მოხვდეს, რომლებსაც სახელმწიფო 4000-ლარიანი გრანტებით დააფინანსებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი ორი წლის განმავლობაში ხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი საქმიანობას მიატოვებს და ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა, სანქციის გადახდაც კი მოუწიოს.

კომენტარები