ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

დეკანოზი ანდრია პანსიონის ყოფილ აღსაზრდელზე: უთქვამს, ლომჯარია გაიმარჯვებსო, აგრესიული იყო

პირველი არხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელის საქმეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენების მიცემის შემდეგ ეკლესიამ ის გააგდო.

ჯაღმაიძე FACEBOOK-ზე წერს, რომ ყოფილი აღსაზრდელი მეუფე სპირიდონს განსაკუთრებით უყვარს და საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს, ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. 

"მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში. ამიტომ მეუფემ სიფრთხილისთვის რეზიდენციის გვერდზე 2 ოთახიან ბინაში გადასვლა და იქ დარჩენა შესთავაზა. ამის შემდეგ ჩაულაგებია ბარგი, დაურეკავს ისევ პოლიციაში და წასულა და თან ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო". – წერს დეკანოზი. 

საქართველოს სახალხო დამცველმა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო. 

9 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემაც თქვა, რომ მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები