ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

ომბუდსმენი: დავიწყეთ პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა: 

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს სავარაუდოდ, იძულებით დაატოვებინეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიაწოდა პანსიონში მისი ყოფნისას არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ.

სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა. დამატებით, მიმართა სამართალდამცავ უწყებას - მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება სავარაუდო იძულების, ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ვინაიდან, ახალგაზრდას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, იგი სახალხო დამცველის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით დროებით განთავსდა უსაფრთხო გარემოში. სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას. პროაქტიულად შესთავაზონ მათ უსაფრთხო გარემო და დაიცვან ნებისმიერი ფორმის ძალადობის, ზეწოლისა და იძულებისგან. ამასთან, გაგრძელდეს და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოხდეს იქ მყოფი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ოჯახებში და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში განთავსება ალტერნატიული ზრუნვის ადგილებში". –ვკითხულობთ განცხადებაში 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ამბობს, რომ ჩვენების მიცემის შემდეგ ეკლესიამ ის გააგდო.

დღეს, 9 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემაც თქვა, რომ მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე მიცემული ჩვენების გამო გააგდეს.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები