ეკონომიკა

რომელ სექტორებში შემცირდა და გაიზარდა ინვესტიციები I კვარტალში

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია.

პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 125 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები მხოლოდ 2009 წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ $114.5 მლნ ინვესტიცია შემოვიდა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.

I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ აშშ დოლარით (28.3%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ აშშ დოლარით (22.2%).

2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 86%-ით შემცირდა, მშენებლობის სექტორში 81%-ით, უძრავი ქონების სექტორში 30.1%-ით, ხოლო საფინანსო სექტორში 1.3%-ით.

დანარჩენ სექტორებში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, მათ შორის, ენერგეტიკაში - 2020 წლის I კვარტალთან შედარებით, 275%-ით და საერთო ჯამში, $35.5 მლნ შეადგინა. ინვესტიციები ასევე გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში და $27.9 მლნ შეადგინა, რაც 520%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის სექტორების მიხედვით:

საქსტატი

 

კომენტარები