ტექნოლოგიური გიგანტები

ტრამპი: სხვა ქვეყნებმაც, ნიგერიის მსგავსად, Facebook-ი და Twitter-ი უნდა აკრძალონ

დონალდ ტრამპი
ფოტო: BBC.COM

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიგერია შეაქო და მისალოცი წერილით აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფოებმაც, ნიგერიის მსგავსად, სოციალური პლატფორმები, კერძოდ, Facebook-ი და Twitter-ი უნდა აკრძალონ

გარდა ამისა, ტრამპმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მან თავისი პრეზიდენტობის პერიოდში არ გადადგა ეს ნაბიჯი და არ აკრძალა აღნიშნული სოციალური ქსელები. 

გადაწყვეტილების გაჭიანურების მიზეზად კი ის Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის ხშირ ვიზიტებსა და სატელეფონო ზარებს ასახელებს, სადაც ზაკერბერგი ტრამპის სიდიადეზე საუბრობდა. 

ტრამპის განმარტებით, აკრძალვა სიტყვის თავისუფლების დასაცავადაა საჭირო. მისი აზრით, სოციალური ქსელები არ უნდა აწესებდნენ ცენზურას და მათი წარმომადგენლები არ უნდა განსაზღვრავდნენ იმას, თუ ვის უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციისა და აზრის გამოხატვის უფლება. 

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, Twitter-მა Facebook-მა და სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიშები დაბლოკეს და ის სოციალური პლატფორმებიდან გააძევეს. ამ დრომდე ტრამპს არცერთ დიდ სოციალურ პლატფორმაზე დაბრუნების უფლება არ აქვს. 

კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, პრეზიდენტის გაძევების მიზეზი სოციალური მედიის შიდა წესდების დარღვევა გახდა, რადგან მისი განცხადებები მოსახლეობას ძალადობისაკენ მოუწოდებდა. 

ტექნოლოგიური გიგანტების გადაწყვეტილებას მსოფლიოს მასშტაბით მწვავე კრიტიკა მოჰყვა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა Twitter-ის ქმედებას პრობლემური უწოდა და თქვა, რომ  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხს სახელმწიფო უნდა წყვეტდეს და არც სოციალური ქსელები.

პროტესტის ტალღას შეუერთდა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიც, მისი თქმით, ტექნოლოგიური კომპანიების მოვლენა სიტყვის თავისუფლების დე-ფაქტო არბიტრებად მიუღებელია.

მიუხედავად კრიტიკისა, სოციალური პლატფორმების ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრება და ათასობით ანგარიშს ბლოკი არ მოუხსნა, მათ შორის, არც დონალდ ტრამპს.

"ჩვენი პოლიტიკა მომხმარებლების უკან დაბრუნების საშუალებას არ იძლევა, როდესაც დაიბლოკები, სამუდამოდ დაბლოკილი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, კომენტატორი ხარ, ფინანსური დირექტორი თუ საჯარო მოხელე". – თქვა Twitter-ის ფინანსურმა ოფიცერმა, ნედ სიგალმა.

კომენტარები