ეკონომიკა

რეკორდული ვარდნა 2009 წლის შემდეგ - I კვარტალში ინვესტიციები 28%-ით შემცირდა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია.

პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 125 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები მხოლოდ 2009 წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ $114.5 მლნ ინვესტიცია შემოვიდა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.

ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ აშშ დოლარით (25.4%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 მლნ აშშ დოლარით (19.5%).

I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ აშშ დოლარით (28.3%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ აშშ დოლარით (22.2%).

კომენტარები