საფრანგეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული კომპანია Google-ი, ონლაინ სარეკლამო ინდუსტრიაში საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო, დააჯარიმა.
კონკურენციის ორგანოს განმარტებით, Google-ი უსამართლო გზებით ხელს უშლის კონკურენციას და ბიზნესებს მისი სერვისებით სარგებლობას აიძულებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ Google-ის საძიებო ალგორითმი უპირატესობას საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს ანიჭებს, რაც მის კონკურენტ პლატფორმებსა და მომხმარებლებს აზარალებს.
Google-ი მსოფლიოს უდიდესი საძიებო სისტემაა, რომელიც ბაზრის 80%-ზე მეტს აკონტროლებს. მისი საძიებო ალგორითმის სათავეში მოხვედრილი საიტები და პროდუქტები კი კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოცემა Le Figaro-მ, News Corp-მა და Rossel-მა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
Google-ის წარმომადგენლობა მზადა, გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა და შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
შეგახსენებთ, რომ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიური გიგანტების [Google, Apple, Facebook, Microsoft, Amazon] წინააღმდეგ ათეულობით ანტიმონოპოლიური გამოძიება მიმდინარეობს.