Balenciaga

ჩვენება ციფრული კლონების მეშვეობით – BALENCIAGA-მ ახალი კოლექცია წარადგინა

Balenciaga-მ 2022 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა, თუმცა ჩვენებაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი მოდელი და მისი კლონები იღებდნენ.

კოლექციას ციფრული პრეზენტაცია ჰქონდა, რომელიც გუშინ, 6 ივნისს შედგა და მასში მონაწილეობას მოდელი, ელიზა დუგლასი იღებდა. 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც დემნა გვასალიამ ესპანური მოდის სახლისთვის პირველი კოლექცია შექმნა, ელიზა დუგლასი მუდმივად ხსნის ან ხურავს მის შოუებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენება ქალის ტანსაცმლის კოლექციას ეთმობა თუ კაცისას.

"რასაც ჩვენ ონლაინში ვხედავთ, რეალობა არ არის. რა არის ნამდვილი და რა არის ყალბი? ეს არის შოუ, რომელიც არასდროს შემდგარა. თუმცა, ტანსაცმელი მართლა არსებობს, ისინი ჩვენ შევკერეთ". – ამბობს დემნა გვასალია სიცილით Vogue-სთან.

ჩვენებისთვის ვიდეო პროდიუსერმა, კვენტინ დერონზიემ, ელიზა დუგლასის ციფრული კლონები შექმნა. მოდელის სახის ნაკვთებისა და სხეულის ფორმების მიხედვით გაკეთებულ კლონებზე დემნა გვასალიამ თქვა, "[ციფრული კლონები] იმდენად ჰგვანან ელიზას, რომ მეც გამიჭირდა გარჩევა, რომელი იყო ნამდვილი".

 

კომენტარები