გიორგი გახარია

ქემოკლიძე: კობახიძის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ვითხოვთ

პარტია საქართველოსთვის წევრის, კახა ქემოკლიძის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნათქვამის საფუძველზე, სადაც მან ეჭვი გამოთქვა, რომ თებერვალში გიორგი გახარია სააკაშვილთან ერთად გადატრიალებას გეგმავდა, დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს.

ქემოკლიძემ კობახიძის განცხადებას არაადეკვატური და პრიმიტიული ტყუილები უწოდა.

"გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო ქართული ოცნების ამომრჩეველი.

ჩვენი მხრიდან ყოველი დამატებითი ძალისხმევის გარეშე დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის აღარ არსებობს წითელი ხაზი, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, შესაბამისად, მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ", - თქვა მან.

გუშინ, 4 ივნისს, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ყოფილი თანაგუნდელისა და პრემიერის, გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა.

კობახიძის თქმით, 17 თებერვალს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გამოცხადების წინ არსებობდა დამთხვევა მათ კონსპირაციულ ინფორმაციასა და მაშინდელ პრემიერ გახარიას გუნდის შიგნით გაკეთებულ განცხადებებს შორის.

კომენტარები