საწვავის ფასი

ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება ყველგან შევაწუხოთ – საწვავის ფასი შევახსენოთ

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საწვავის ფასების შესახებ გორში ბრიფინგი გამართა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას ამ პრობლემების შესახებ მუდმივად უნდა შევახსენოთ. მისივე თქმით, არსებობს აქციზის გაუქმების ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, ფასი საშუალოდ 40 თეთრით შეამციროს.

"გორშიც ვიწყებთ ამ აქციას გადასახადების შემცირებასთან, კერძოდ, საწვავზე აქციზის შემცირებასთან დაკავშირებით, იმ უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც შექმნილია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად და დამატებით, ობიექტურად კოვიდის შედეგად. ჩვენ ვხედავთ, რომ მინიმალურ ნაბიჯსაც კი არ დგამს ხელისუფლება, რომ შეუმსუბუქოს წნეხი ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მეწარმეებს. საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ახდენს ყველაფრის ფასზე. ანუ ნებისმიერ ადამიანს, მეწარმეს, წვრილ მეწარმეს, საწარმოს, ყველას ურტყამს უმძიმესად, მაშინ, როცა საერთაშორისო ფასები არ არის ძალიან მაღალი და მხოლოდ ჯამში ლარის კურსის ვარდნის გამოა, რის ფასსაც იხდის ხალხი. ლარის კურსის გამოსწორებას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და ზოგადად ეკონომიკის გამოცოცხლება, მაგრამ არის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც მყისიერად შეუძლია საშუალოდ 40 თეთრით შეუმსუბუქოს ადამიანებს თითო ლიტრზე ეს წნეხი". – თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის თქმით, მოქალაქეების პროტესტი ხშირად კერძო საწარმოებისკენაა მიმართული, მაგრამ ფასების ზრდა მთავრობაზეა დამოკიდებული.

"ხშირად, ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილება მიმართულია კერძო საწარმოების მიმართ, ბენზინგასამართი სადგურების მიმართ. მე მესმის ამ ხალხის, რომ, სადაც ყიდულობენ, იმას მიმართავენ, მაგრამ ეს არ არის სწორი სამიზნე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, საერთაშორისო ფასები არ არის ჩვენს მთავრობაზე დამოკიდებული, მაგრამ ლარის კურსი და ჩვენი გადასახადი, რომელიც მათ გაზარდეს იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ თავიანთი პოლიტიკური ბიუროკრატია, ნეპოტიზმი, კორუფცია და მავნებლური ხარჯები, ეს არის მთავრობის ხელში, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ და რომელიც უნდა გადავირჩიოთ აუცილებლად". – თქვა ბოკერიამ. 

საწვავის ფასები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 

  • რა ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე, ვრცლად წაიკითხეთ – აქ

კომენტარები