ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

თალაკვაძე ნინოწმინდაზე: დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი

"დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი". - ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას. 

"კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. რაც შეეხება სახალხო დამცველს, აქვს უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები. მე დიდი იმედი მაქვს, საპატრიარქოსთან კომუნიკაციის ამ საკითხის შეთანხმება მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას". - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული. 

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები