ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

კილაძე ნინოწმინდაზე: გაეროს წესდებით გადაწყვეტილებაში კომენტარებით ჩართვა მეკრძალება

ტაბულა

 "გაეროს წესდებით გადაწყვეტილებაში კომენტარებით ჩართვა მეკრძალება". - ამბობს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი, სოფო კილაძე ნინოწმინდის პანსიონზე ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.

"მე გაეროს წესებით პირდაპირ მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ან პირდაპირ, ან ირიბად ჩართვა და, მათ შორის, კომენტარებით ირიბად ჩართვას ნიშნავს, რომ არ დაირღვეს ნეიტრალურობის პრინციპი. ნებისმიერი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილების ირგვლივ არის, აქ ჩვენ, კომიტეტის წევრები უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ნეიტრალური". - ამბობს კილაძე.  

7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოსცა დროებითი ღონისძიება, კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.  

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული.

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს.  

კომენტარები