ე.წ. მუქარის წერილი

ჯაფარიძე ე.წ. მუქარის წერილზე: გიორგი გახარიამ პირადად გადმომცა ეს წერილი

პარტია ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წელს მუქარის წერილი მას პირადად გიორგი გახარიამ გადასცა. 

"ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ მისი [გიორგი გახარიას] მხრიდან, თუკი დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმომცა ის წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი.

მან პირადად გადმომცა ეს წერილი. მან გადმომცა ეს წერილი, ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით. ძალიან ცუდია, რომ გაბედულება აკლია, თქვას, რომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ისიც უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა". - ამბობს ჯაფარიძე.


თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

ხაზარაძის განცხადებას წინ  პროკურატურის ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ, 2007-2008 წლის ტრანზაქციებზე გამოძიების დაწყება უძღოდა. ამის გამო თიბისი ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

გამოძიების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. მათ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 21 თებერვალს დატოვეს. 

კომენტარები