ე.წ. მუქარის წერილი

ბუჩუკური ჯაფარიძეზე: 3 წელი რატომ არ საუბრობდნენ? დეტექტიურ სერიალს ჰგავს

"3 წლის განმავლობაში ბატონი ბადრი ან ბატონი ხაზარაძე რატომ არ საუბრობდნენ ამაზე?" - ამბობს პარტია საქართველოსთვის წევრი, ანა ბუჩუკური ე.წ. მუქარის წერილზე. პარტია ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წელს მუქარის წერილი მას პირადად გიორგი გახარიამ გადასცა.

"ხომ არ უკავშირდება ეს გიორგი გახარიას ახლებური როლით შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში. ჩემი თხოვნა იქნებოდა, იქნებ ჰკითხოთ. ჩემთვის, გულწრფელად რომ გითხრათ, დეტექტიურ სერიალს ჰგავს ეს ყველაფერი. პირველი სერია 3 წლის წინ იყო, მეორე სერია ახლა იწყება, როგორც ჩანს, გაგრძელდება, ვნახოთ, დაველოდოთ". - ამბობს ბუჩუკური ფორმულასთან. 

თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

ხაზარაძის განცხადებას წინ  პროკურატურის ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ, 2007-2008 წლის ტრანზაქციებზე გამოძიების დაწყება უძღოდა. ამის გამო თიბისი ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

გამოძიების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. მათ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 21 თებერვალს დატოვეს. 

კომენტარები