საწვავის ფასი

"რომ არა მთავრობის არასწორი პოლიტიკა, ბენზინის ფასი 1.30 ლარი იქნებოდა"– ევროპელები

დღეს, 31 მაისს ევროპული საქართველოს ბრიფინგი გაიმართა რუსთავში, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით შეამცირებს. ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა წარადგინეს კლიპი და პეტიცია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ევროპული საქართველოს წევრის აკაკი ბობოხიძის მიხედვით, საწვავის გაძვირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა  ბენზოკალონკები ან ნავთობმწარმოებელ კომპანიები, არამედ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკაა ორი ძირითადი მიზეზის გამო:

  • რამდენიმე წლის წინ ამჟამინდელმა მთავრობამ აქციზის გადასახადი გააძვირა

"დღეს ბენზინის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის აქციზის გადასახადის გაზრდა - რამდენიმე წლის წინ არსებულმა მთავრობამ გააძვირა და ავტომატურად ბენზინის ფასში აისახა ხელისუფლების მოქმედება". – ამბობს აკაკი ბობოხიძე.

  • მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა და ეს საწვავის ფასზე აისახა

"დღეს ბენზინის პრემიუმის ფასი არის 3 ლარი, დოლარში გადაყვანით მივიღებთ 90 ცენტს, ანუ დღეს მყარ ვალუტაში საწვავი არის 90 ცენტი. რომ არ მომხდარიყო, ამ ხელისუფლების გეგმის, პროგრამის და უგუნურების გამო, ლარის გაუფასურება და დღეს რომ ლარი იმ ნიშნულზე ყოფილიყო, რაც ხელისუფლებამ ჩაიბარა, მაშინ საწვავის ფასი იქნებოდა 1.50 ლარი, თუ ამას ჩვენ დავუმატებთ აქციზის გადასახადით გაზრდილ დამატებულ 20 თეთრს, მაშინ ბენზინის ფასი დღეს 1.30 იქნებოდა, ანუ ისტორიული მინიმუმი". – ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ამასთან ერთად, აკაკი ბობოხიძეს თქმით, იმ შემთხვევაში თუ ზრდის თვალსაზრისით ნავთობის ფასი ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდება, ნავთობის ფასი შეიძლება 4.5-5 ლარამდეც კი გაიზარდოს.

"თუ ლარი კიდე გაუფასურდა, თუ ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ისტორიულ ნიშნულს, ზრდის თვალსაზრისით, კიდევ მიუახლოვდა, 1 ბარელი 110 იყო, კატასტროფულ ფასამდე შეიძლება გაიზარდოს ნავთობის ფასი - 4.5 და 5 ლარამდე". – ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საწვავის გაძვირება აისახება არამხოლოდ მათზე, ვინც მანქანას იყენებს, არამედ ის კავშირშია ყველა სამომხმარებლო ნივთის ფასთან.

"საწვავში შედის დიზელიც, რომელიც აისახება ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე, ამას გარდა, საწვავის ფასი აისახება ყველა სამომხმარებლო ნივთის ფასზე, ანუ ამ ტვირთმა ყველა ჩვენს მოქალაქეს დაუმძიმა ცხოვრება. არამხოლოდ მათ, ვინც პირდაპირ საწვავს ასხამს და უშუალოდ გამოიყენებს ამ მანქანას". – ამბობს გიგა ბოკერია.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, გიგა ბოკერიას თქმით, არის პასუხისმგებელი პირების მხილება პეტიციის გზით და იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამჟამინდელი ხელისუფლების გადაყენება.

"სანამ ეს მთავრობა გვყავს პეტიციის სახით ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც ხელეწიფება ამის შეცვლა, რა თქმა უნდა, ყველანი ივანიშვილის გარემოცვა არიან, ბოლომდე მათი მხილება უნდა მოხდეს, ამ მაგალითზე საზოგადოება უნდა მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ხელისუფლების შეცვლა". – ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები