ეკონომიკა

საქართველოს რკინიგზამ 2020 წელს 164 მლნ ლარით იზარალა, თუმცა ხელფასები 6%-ით გაზარდა

TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2020 წელი საქართველოს რკინიგზამ 164-მილიონიანი ზარალით დაასრულა, რაც 2019 წელთან შედარებით, 31-ჯერ გაუარესებული შედეგია. 

კვლევის მიხედვით, კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, გასული წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ შემცირებულა – 0.34%-ით ლარში და 9.66%-ით დოლარში – თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა საფინანსო ხარჯები – 159%-ით – რაც, უმეტესად, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით იყო განპირობებული. 

TBC Capital

გაზრდილმა საფინანსო ხარჯებმა კომპანიის ზარალი 164 მილიონ ლარამდე გაზარდა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, თუ 2017 და 2018 წლების ძირითადი საშუალებების გაუფასურებით გამოწვეულ ზარალს არ ჩავთვლით.

ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალი იმდენად გაუგებარი არ არის, რამდენადაც ამ ზარალის ფონზე გაზრდილი სახელფასო ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წმინდა ზარალი, 2019 წელთან შედარებით, 31-ჯერ გაიზარდა, ხელფასებსა და სხვა ტიპის ბენეფიტებში გადახდილი თანხები გასულ წელს 10 მილიონი ლარით – 6%-ით – გაიზარდა. 

სს საქართველოს რკინიგზა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც ცნობილია თავისი პროექტების წამგებიანობითა და ხშირად დაუსაბუთებელი ხარჯების გაწევით. 

კომენტარები