ნამახვანჰესი

"თქვენ მასწავლით, ჯვარს როდის გადავდებ?" – მაკა სულაძე მამა-შვილ ფალავანდიშვილებს

"თქვენ მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და როდის დავიჭერ ხელში?" - რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე მამა-შვილ ფალავანდიშვილებს დაუპირისპირდა. ვიდეოს TV ფორმულა ავრცელებს.

"ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცებთან, ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ, ვის რა უნდა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. გვყავს ჩვენ ბიჭები, არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით, თავის იდეოლოგიას მოახვევს თავზე? საკმარისი ძალა გვყავს, მივლენ ბიჭები და სრულიად უხმაუროდ... არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. მე როცა ჩემს გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს, მე მაქვს უფლება, იმ სტუმარს მივუთითო, შენ აქ დაჯდები თუ არა" - მიმართა მაკა სულაძემ გურამ ფალავანდიშვილს და მის შვილს. 

24 მაისს, ლგბტქ+ სამკლაურის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან პუტინისტური, ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა გამოაგდეს. მოგვიანებით მომხდარს ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება აქციაზე. მეორე დღეს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაკა სულაძემ თქვა, რომ მსვლელობაში თავისი ჯვრით აღარ იმონაწილევებს.

"ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყოველთვის ასე დარჩება. ის არა მარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და სულკურთხეული დედის სიმბოლოა. მაგრამ, თუკი მე გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა. ამიტომ გადავწყვიტე. თბილისი მრავალეროვანი ქალაქია, შეიძლება, დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვის ისეთივე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩვენთვის. მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მას უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განსხვავებული ნიშანი ატაროს და ამით წარმოაჩინოს მისი თავი" - თქვა სულაძემ.

ამის შემდეგ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებმა განცხადება გაავრცელეს და "რიონის ხეობის მცველები" გააკრიტიკეს. მათი თქმით, “ლგბტ აქტივისტების გულის მოსაგებად რიონელთა პროტესტი გაემიჯნა ჯვარს, როგორც ერთ-ერთ რიგით სიმბოლიკას, იმ მიზეზით, რომ სხვა განსხვავებული ნიშნის ადამიანებს არ სწყენოდათ საკუთარი სიმბოლიკის დამალვა. ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, ჯვარი ლგბტ სამკლაურს გაუტოლდა, რაც მკრეხელობაა”.

კომენტარები