სასამართლო რეფორმა

"კლანი უნდა დასრულდეს" – მოსამართლეების არჩევის პარალელურად, სირცხვილია აქციას მართავს

 კლანი უნდა დასრულდეს 

დღეს, 26 მაისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიმდინარე პროცესის პარალელურად, მოძრაობა სირცხვილია აქციას კლანი უნდა დასრულდეს მართავს.  

მართლმსაჯულების სისტემას დაპატრონებული კლანი საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებასა და გავლენების გაფართოებას ცდილობს. ამ მიზნით, 2021 წლის 26 მაისს ჩაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც მოსამართლეთა უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად წოდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანოა. საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს. 4 მოსამართლე წევრი მოსამართლეთა კონფერენციაზე, პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრის ხელშია მოსამართლეთა დანიშვნა, მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და დისციპლინარული სანქცირება. დღევანდელი მდგომარეობით მართლმსაჯულების სისტემაში გაბატონებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, რომელიც გარიგებულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან სრულად აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, კლანს აქვს სრული კონტროლი მოსამართლეთა აბსოლიტურ უმრავლესობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლეთა კონფერენციების მრავალწლიანი პრაქტიკა. მოსამართლეთა მიერ ყოველთვის იმ
კანდიდატების არჩევა ხდება, რომლებიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წარდგენილები არიან.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოს რეფორმას, რომელიც თავის მხრივ, მოიაზრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც. მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების მიუხედავად, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული არ არის.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და საბჭოს მოსამართლე წევრების არსებული კანონმდებლობით არჩევა ხელს უშლის ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აძლიერებს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური დაჯგუფების ინტერესებს და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

სასამართლო სისტემა ვერ გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გახდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო.

საპროტესტო აქციის მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას!

ჩვენი მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერება, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დაპაუზებას, არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არც საბჭოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ ვალდებულების შესასრულებლად. პროტესტის ნიშნად, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


კარლ ჰარცელმა, კელი დეგნანმა და ნატალია ვუტოვამ კახა კუჭავას სასამართლო რეფორმის შესახებ წერილით მიმართეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მმართველ გუნდს ახსენებენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის შესახებ. წერილში ყურადღება გამახვილებულია მათი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების მნიშვნელობაზე. 

პარლამეტის თავმჯდომარემ ელჩებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კუჭავა ამბობს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევის შეჩერებისკენ საერთო სასამართლოებს ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. XXIX რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს ჩატარდება.  

კომენტარები