გენერალი გიორგი კვინიტაძე

კანდელაკი: შეიძლება, თან გენერალ კვინიტაძეს კრძალავდნენ და თან სტალინის 9 ძეგლს დგამდნენ?

რანაირად შეიძლება, რომ თან გენერალ კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდაზე იკრძალებოდეს და, ამავე დროს, ქვეყანაში სტალინის ცხრა ახალი ძეგლი იდგმებოდეს? უშველა კი სტალინის ქართულ ნაციონალიზმში თითქმის ჩაბეტონებას ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენებამ?

CRRC-ს, ფრიბურგისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების 2015 წლის ერთობლივი კვლევით, გამოკითხულთა 29.1% სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულების იყო, 41.4%-ს კი სჯეროდა, რომ იგი მორწმუნე იყო. 38.9%-ის თქმით, სკოლაში სტალინის შესახებ მათ "დადებითს ან ძირითადად დადებითს" უყვებოდნენ და/ან ასწავლიდნენ. მწარე რეალობა ისაა, რომ მე-20 საუკუნისთვის ბრძოლაში ჯერჯერობით იმარჯვებს სტალინი და საბჭოთა კავშირის მიმართ, მინიმუმ, ორაზროვანი დამოკიდებულება, რაც ძალიან სახიფათოა სწორედ დღეს, რადგან როგორც რუსული, ასევე პროტოქოცური პროპაგანდა სწორედ ამ დამოკიდებულებაზე დგას. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ სკოლის წიგნები იქნება თუ საჯარო დისკურსი, მაინც სავსეა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საბჭოთა პროპაგანდის მიერ ათწლეულების განმავლობაში დანერგილი მითებითა და ტყუილებით.

საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ახლა უნდა ავდგეთ და დავიწყოთ ლევილში დაკრძალული ადამიანების გადმოსვენება (კვინიტაძე შატუში იყო დაკრძალული, მაგრამ მაინც). ლევილი წარმომიდგენია, როგორც მაღალ დონეზე გამართული საკონფერენციო და სამეცნიერო ცენტრი და სიმბოლო, სადაც საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის პირობებში ხშირად გაიმართებოდა ღონისძიებები, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ და ჩრდილოეთ კავკასიურ დიასპორებთან სამუშაოდ. ლევილი უნდა იყოს ევროპაში ჩასული ქართველებისთვის პოპულარული და აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი, ოღონდ ისე, რომ გვესმოდეს რა ხალხია იქ დაკრძალული და რას წარმოადგენდა ის ქვეყანა, რომლისთვისაც სისხლს ღვრიდა გენერალი კვინიტაძე.

წერს Facebook-ზე ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი.

 

კომენტარები