აშშ-რუსეთი

ბლინკენი ლავროვს: თუ რუსეთი პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიულად იმოქმედებს, პასუხს გავცემთ

19 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. ბლინკენმა ლავროვს უთხრა, რომ, თუ რუსეთი აშშ-ს, მის პარტნიორებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიულად იმოქმედებს, აშშ პასუხს გასცემს. 

შეხვედრაზე ბლინკენმა თქვა, რომ აშშ რუსეთთან განჭვრეტად და სტაბილურ ურთიერთობას ესწრაფვის რუსეთთან. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კარგია ჩვენი ხალხისთვის, რუსი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის". - აღნიშნა მან. 

ენტონი ბლინკენის თქმით, საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ს და რუსეთს განსხვავებები აქვთ:

"როდესაც საქმე ეხება ამ განსხვავებებს, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს უთხრა, თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენ, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა აჩვენა, რომ, როგორც სიტყვით, ისე საქმით - და არა ესკალაციის, არა კონფლიქტის ძიების მიზნით, არამედ ჩვენი ინტერესების დასაცავად".

მისი თქმით, არსებობს მრავალი სფერო, სადაც აშშ-რუსეთის ინტერესები იკვეთება და ერთმანეთს ემთხვევა და აშშ-ს სჯერა, რომ შეუძლიათ, ერთად იმუშაონ და ამ ინტერესების საფუძველი განავითარონ.

"იქნება ეს COVID-19-ის პანდემია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, ბირთვულ პროგრამებთან გამკლავება ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში, ავღანეთი - ინტერესთა კვეთის მრავალი სფეროა".

ლავროვმა ბლინკენს უთხრა,  რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია აშშ-რუსეთის ურთიერთობისთვის.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ და რუსეთი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სიტუაციის შეფასებას და მათ მიდგომებს, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ეს.

"ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა არსებული საკითხი იმის გაგებით, რომ ჩვენი დისკუსიები იქნება გულწრფელი, ფაქტობრივი და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული. დიპლომატიის კანონები ურჩევს ორმხრივ ურთიერთობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რაიმე სახის მტრულ ქმედებას. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური შესაძლებლობები და მოხარულნი ვართ, რომ თქვენ აჩვენებთ ასეთ [რამეს]. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, რომ ამგვარ განზრახვებს ვუპასუხებთ".

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები თანხმდებიან, რომ ორ ქვეყანას სჭირდება თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მათ მსგავსი ხედვა აქვთ და შეუძლიათ, დადებით შედეგს მიაღწიონ. 

"მაგალითად, კონფლიქტების გადაჭრა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი თუნდაც ისეთი თემებით, როგორებიცაა კორეის ნახევარკუნძული, ირანის ბირთვული საკითხი, ავღანეთი, ყველა ის თემა, სადაც ჩვენი წარმომადგენლები უკვე თანამშრომლობენ ერთმანეთთან და იმედი მაქვს, რომ დღეს ყველა ამ საკითხის მიმოვიხილავთ. ჩვენ მზად ვიქნებით, გაუმკლავდეთ ამ დიდ ტვირთს, რომელიც წინა ადმინისტრაციისგან გვაქვს აშშ-ში რუსეთის მისიებისა და რუსეთში აშშ-ს მისიების შესახებ".

ლავროვმა თქვა, რომ, თუ ისინი არ გააგრძელებენ გლობალური დიპლომატიის საკითხებს, ძირს გამოუთხრიან დიპლომატიის საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს ბლინკენმა თქვა, რომ აშშ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე მომუშავე კომპანიის, Nord Stream 2 AG-ს აღმასრულებელ დირექტორს, გერმანიის მოქალაქე მათიას ვარნიგს სანქციებს არ დაუწესებს.

ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მალე ელის.

კომენტარები